понедельник, 24 сентября 2018 г.


გახდი მკვლევარი
კვლევის დეტალურ ნიმუშს გთავაზობთ, რაც განაპირობა მასწავლებელთა უდიდესმა ინტერესმა _ როგორ დავგეგმო, განვახორციელო, წარვადგინო კვლევა? გვსურს, ჩვენ მიერ განვლილმა გზამ თქვენი გასავლელი გაადვილოს. ამასთან, აქტუალურია თემა, მოგეხსენებათ, ეროვნული გამოცდების შედეგები და სხვადასხვა გამოკითხვა ცხადყოფს, რომ მოსწავლეებს უჭირთ მხატვრული ტექსტის სიღრმისეული წვდომა, შესაბამისად, ვფიქრობთ, ნაშრომი ამ მიმართულებით განსაკუთრებით საინტერესო და სარგებლიანი იქნება ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებისთვის.
 მოცემული ნაშრომი წარმოადგენს სსიპ ქ. თბილისის N62 საჯარო სკოლაში განხორციელებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიშს. კვლევა განვახორციელეთ სკოლის ორმა უფროსმა მასწავლებელმა: გულიკო ბიწაძემ და ლიზა ნიჟარაძემ. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო სკოლაში სწავლების ეფექტიანობისთვის აუცილებელი მეთოდების კვლევა მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით.
ნაშრომში მოცემულია ინფორმაცია სკოლის, ფოკუსჯგუფების, საჭიროებებისა და პრობლემების შესახებ საკვლევი საკითხის მიმოხილვა, აქტუალობა, კვლევის მიზნები და ამოცანები, განხილულია საკვლევი საკითხის გათვალისწინებით ლიტერატურა, სხვადასხვა ავტორის მოსაზრება მხატვრული ტექსტის აღქმასთან მიმართებაში, ასევე, დეტალურადაა განხილული კვლევის მეთოდოლოგია და პროექტის ვადები. გაანალიზებულია კვლევის შედეგები, დაწვრილებით არის განხილული ინტერვენციის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების ეტაპები, აღწერილია კვლევის ჯგუფის მიგნებები, რეკომენდაციები და კვლევის ნაკლოვანებები, აღმოფხვრილი თუ აღმოსაფხვრელი პრობლემები.
საკვლევი საკითხის მიმოხილვა
ა) ინფორმაცია მოსწავლეებისა და პრობლემის შესახებ

სსიპ თილისის N62 საჯარო სკოლის მე-7 და მე-8 კლასში სულ 48 მოსწავლეა, მათი აკადემიური მოსწრება დამაკმაყოფილებელია, 30 პროცენტის მაჩვენებელი მაღალია, 57 პროცენტის  საშუალო, ხოლო 13 პროცენტი დაბალ ნიშნულზეა. რა თქმა უნდა, აღნიშნული ფაქტორი არ არის საგანგაშო, თუმცა დამაფიქრებელია, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს სასწავლო პროცესი? რა საშუალებით შეიძლება ზედა საფეხურებზე გადანაცვლება? ამაზე პედაგოგები ყოველდღიურად ფიქრობენ, თუმცა რთულია სწორი გზის არჩევა. მოსწავლემ შესაძლოა იცოდეს ტექსტი, გაიგოს, მაგრამ პრობლემა გააზრებასა და მხატვრული ტექსტის ღრმა წვდომაშია. სწორედ ეს გახდა მიზეზი ჩვენი ფიქრისა და საკვლევი თემის არჩევის.


ბ) არსებული პრაქტიკის ზოგადი მიმოხილვა

სკოლის ორმა პედაგოგმა (გულიკო ბიწაძე, ლიზი ნიჟარაძე),  გაკვეთილების განხილვისა და გაანალიზების, მოსწავლეთა არსებული ცოდნის, აკადემიური მოსწრების თემებზე საუბრისას, აღმოვაჩინეთ, რომ სხვადასხვა კლასებში, რომელთაც ჩვენ ვასწავლით, იდენტური პრობლემებია, მოსწავლეებს უჭირთ ნაწარმოებების სიღრმისეული აღქმა, ყოველთვის ვერ ახერხებენ ავტორის სათქმელის ამოცნობას, მხატვრული ტექსტის თემა მათთვის ადვილი განსასაზღვრია, თუმცა იდეური წვდომა სირთულეს წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ ვიყენებთ მუშაობისა და აქტივობების სხვადასხვა ფორმებს. ინფორმაციის გაცვლისა და საერთო პრობლემების გათვალისწინებით დავგეგმეთ კვლევის განხორციელება, საწყის ეტაპზე გამოკითხვა სკოლის მასწავლებლებში კითხვარის მეშვეობით ვაწარმოეთ, წარდგენილი კითხვარი იყო შემდეგი:

კითხვა:  საბაზო საფეხურის მოსწავლეთა უმეტესობა ახერხებს თუ არა მხატვრული ტექსტის განხილვისას...
  დიახ
  არა
1.      თემის  განსაზღვრას;


2.      იდეის ამოცნობას


3.      მთავარი სათქმელის ამოცნობისას ინფორმაციის დახარისხებას


4.      არსებული ცოდნის ერთმანეთთან დაკავშირებას



ვარაუდი გამართლდა, გამოკითხული ხუთი პედაგოგიდან (ხათუნა ობოლაძე, სოფო ფერაძე, თინათინ თათრიშვილი, ნაილი დიდებაშვილი, მარინა ჟღენტი) აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ თემის ამოცნობა მოსწავლეებს არ უჭირთ, რაც შეეხება იდეურ მხარეს, ცოდნისა და ინფორმაციის გამოყენებას, უმრავლესობისთვის სირთულეს წარმოადგენს.
აღნიშნული პრობლემა ხელისშემშლელია ეროვნულ სასწავლო გეგმაში გაწერილი მოთხოვნების შესასრულებლად, შესაბამისად, ამ საკითხის კვლევა აქტუალური და მნიშვნელოვანი საქმეა.
გ) პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები
ინტერვენციის დაგეგმვამდე პრობლემის სავარაუდო მიზეზების კვლევისას, პედაგოგთა და მოსწავლეთა გამოკითხვისა და საკუთარი პრაქტიკის გათვალისწინებით, მსჯელობის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე ფაქტორი:
1.      მასწავლებლები ყველაზე მეტად ხელისშემშლელ ფაქტორად დროის სიმცირეს ასახელებენ, მხატვრული ტექსტის სიღრმისეულად აღსაქმელად სხვადასხვა კუთხით მუშაობაა საჭირო, პროგრამით გათვალისწინებული დრო კი ხშირად მხოლოდ 1-2 საათია, რაც არ იძლევა ტექსტის ყველა კუთხით გააზრების საშუალებას, ამიტომ ხშირად ნაწარმოებზე მუშაობა ზედაპირულია, მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგი ცდილობს გამოიყენოს სხვადასხვა აქტივობა, აუხსნას და მიაწოდოს მოსწავლეს ტექსტის სათქმელი.
2.      მოსწავლეების ცოდნა ხშირად გაფანტულია, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა საკითხის ცოდნა აქვს, მაგრამ შესაბამისად , ვერ ახერხებენ დაკავშირებას. მაგალითად, შესაძლოა მოსწავლემ იცოდეს ნიკო ლორთქიფანიძის ბიოგრაფია, მაგრამ ნოველა  „გული“ ვერ დაუკავშიროს პოეტის პიროვნებასა და ღირებულებებს ან იცოდეს მე-20 საუკუნის პრობლემები, ეპოქის სატკივარი, ემიგრაციის შედეგები, მაგრამ არ დაფიქრდეს ნოველასთან კავშირზე. აღნიშნული პრობლემა ხელიშემშლელი ფაქტორია მხატვრული ტექსტის სიღრმისეული აღქმისას.
3.      ფსიქოლოგიური ნიუანსები, პერსონაჟთა აღქმა, სხვადასხვა დეტალით მათი თვისებების აღმოჩენა, ჟესტის, მიმიკის, დიალოგისა თუ მონილოგის გათვალისწინება ასევე პრობლემატურია, მოსწავლეები ხშირად ზედაპირულად კითხულობენ ნაწარმოებს, იფარგლებიან „კარგია“, „ცუდია“ შეფასებებით, რაც აისახება დაბალ მაჩვენებლებში.


აბსტრაქტი
 საბაზო საფეხურის სასწავლო უნარების, კერძოდ, მხატვრული ტექსტის სიღმისეული აღქმის შესახებ კვლევა თბილისის 62-ე საჯარო სკოლის მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებთან ჩატარდა. კვლევის მონაწილე 57 მოსწავლე გახლდათ, 32 ბიჭი და 25 გოგონა. კვლევის მიზანი, რომელიც კლასში არსებული საჭიროებისა და მის კონსულტაციის საფუძველზე დაიგეგმა, იყო საბაზო ასაკის მოსწავლეებში წამყვანი სასწავლო მეთოდის გამოვლენა ნაწარმოების მხატვრული აღქმისთვის. კვლევის ჰიპოთეზა: 1. საბაზო სასკოლო ასაკის მოსწავლეების სწავლების მეთოდები დასახვეწია, საჭიროა ახალი მიგნებები, რაც მათ დაეხმარება მხატვრული ნაწარმოების სიღრმისეულ აღქმაში 2. მოსწავლეებს, რომელთაც შეძლეს თანმიმდევრულობის დაცვა, საკითხების დახარისხება, ნაწარმოების რამდენიმე კუთხით დანახვა-შეფასება, გაცილებით მაღალი შედეგი და დანარჩენებთან შედარებით მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ. კვლევა ჩატარდა 7- კითხვიანი სადიაგნოსტიკო კითხვარის საშუალებით, გამოყენებული იყო დეკოდირების ცხრილი რეზო ყარალაშვილის მიდგომებზე დაყრდნობით. მოსწავლეებს უნდა შეეფასებინათ დებულებები, რომლებიც   სასწავლო საჭიროებას გამოხატავენ. ესენია: ჟანრი და მისი მახასიათებლები, მწერალი და მისი განვლილი გზა, ტექსტის ენობრივი მხარეები: ლექსიკა, მისი „ფატიური, ემოტიური, რეფერენეციული, მეტაენობრივი, კონატიური, პოეტური ფუნქცია“(რომან იაკობსონი), სათქმელის გადმოსაცემად გამოყენებული მხატვრული ხერხები, ეპოქა და გარემო, ფსიქოლოგიური კოდის ამოხსნა. დეკოდირების ცხრილი გამოავლენდა მათ შესაძლებლობებსა და არსებულ ცოდნას. აღნიშნულ კვლევაზე მუშაობისას მნიშვნელოვანი იყო მოტივაცია თვითგანვითარებისთვის, შემეცნებითი, საკომუნიკაციო, ემოციონალური, მოსწავლის პოზიციის, მიღწევისა და გარეგანი (შექება, დასჯა) მოტივები. კვლევამ გამოავლინა  მოსწავლეთა უმრავლესობისთვის, მათი პროგრესისთვის საჭირო სასწავლო მეთოდი - ნაწარმოების დამუშავება ყარალაშვილის მიერ შემოთავაზებული კოდირების მიხედვით თვითგანვითარებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. კვლევის შედეგების საფუძველზე პირველი ჰიპოეთეზა გამართლდა, რადგან მონაცემთა პირველ სამეულში აშკარა იყო წინსვლა, უკვე მეორე ინტერვენციისას იგრძნობოდა მოტივაციისა და გააზრების მაჩვენებლების მატება. ასევე, შინაგანი მოტივაცია მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე დადებითად აისახება, რაც მეორე ჰიპოთეზის ვარაუდს ამართლებს.

კვლევის ჰიპოთეზა:
საბაზო სასკოლო ასაკის მოსწავლეების სწავლების მოტივები უფრო მეტად გარეგან, მეთოდურ ფაქტორებზეა დაფუძნებული, .
მოსწავლეებს, რომელთა წამყვანი სასწავლო უნარები მხატვრული ნაწარმოების სხვადასხვა კუთხით აღქმას, კოდირების სისტემაში განხილული ხედვის ფაქტორს უკავშირდება, დანარჩენებთან შედარებით აქვთ  მაღალი აკადემიური მოსწრება.


კვლევის მიზანი:
განისაზღვროს საბაზო საფეხურის მოსწავლეთათვის სწავლების ახალი მიდგომებისა და მეთოდების დანერგვის მაღალეფექტიანობა. წინამდებარე კვლევის მიზანია გამოავლინოს მხატვრული ტექსტის სიღრმისეული გააზრებისთვის საჭირო სწავლების წამყვანი მეთოდი, გამოინახოს პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზები, რისი ცოდნაც პედაგოგებს, მშობლებს და თავად მოსწავლეებს მნიშნვნელოვან დახმარებას გაუწევს სწავლა/სწავლების პროცესის უკეთ წარმართვაში. 
კვლევის ამოცანა
კვლევის უმთავრესი ამოცანაა პასუხი გაეცეს კითხვებს:
1.      რა ღირებულება აქვს ჩვენ მიერ შეთავაზებულ მეთოდს მხატვრული ტექსტის სიღრმისეული აღქმის გასაუმჯობესებლად მოსწავლეებისთვის?

·         რამდენად შეძლებს მასწავლებელი დეკოდირების მეთოდის დანერგვას?

·         რამდენად შეძლებენ დეკოდირების მეთოდის საშუალებით მოსწავლეები არსებული და მიღებული ცოდნის დახარისხებას?


·         რა უპირატესობები აქვს აღნიშნულ მეთოდს ლიტერატურული ტექსტის გააზრებისა და აღქმის პროცესში?

2.      რა პრობლემები არსებობს მოსწავლეთა სწავლების პროცესში მხატვრული ნაწარმოების აღქმის კუთხით?

·         რამდენად გამოვლინდება მოსწავლის სუსტი მხარეები?

·          რამდენად მოსახერხებელია მოსწავლეთათვის შეთავაზებული მეთოდით მუშაობა? 

3.      დეკოდირების მეთოდით როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ინფორმაციის, დამოუკიდებლად არსებული ცოდნისა და ლიტერატურულ ნაწარმოებს შორის კავშირების დანახვა?
·         შეძლებენ მოსწავლეები ჟანრის ამოცნობასა და ამის მიხედვით ნაწარმოებზე მსჯელობას?

·         ეპოქის გათვალისწინებით ამოიცნობენ სათქმელს?

4.      გაუმჯობესდება თუ არა პერსონაჟთა ხასიათის წვდომა?
·         დეტალების აღმოჩენა,  ყურადღების გამახვილება ჟესტებსა და მიმიკაზე, დიალოგსა თუ მონოლოგზე, მათ ფიქრებსა თუ მოქმედებებზე იქნება შედეგიანი?
·         შეძლებენ მოსწავლეები პერსონაჟთა ადგილას საკუთარი თავის დაყენებას, მათი ფსიქოტიპების შეფასებას?

პრობლემის აქტუალობა
ცნობილია, რომ სწავლა/სწავლებას, ისევე როგორც ნებისმიერ აქტივობას, სჭირდება ცვლილება და განახლება, ამასთან, მას მოტივაცია უდევს საფუძვლად. მოტივაცია გულისხმობს ისეთი მდგომარეობის, ფაქტორებისა და სიტუაციის შექმნას, რომელიც მოსწავლეს სწავლის ხალისსა და უნარს შემატებს, მაღალი მოტივაცია სწავლების მაღალი ხარისხის კარგი გარანტია.
დღეის მდგომარეობით საქართველოს სკოლებში თანამედროვე სასწავლო პროგრამებისა და მიდგომების დანერგვა მიმდინარეობს, რაც სწავლა/სწავლების პროცესის გაუმჯობე-სებისკენაა მიმართული. თუმცა, მდგომარეობა ჯერჯერობით არასტაბილურია.
თუ გასული წლების ცოდნის დონისა და მოტივაციის კუთხით ჩატარებულ კვლევებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ 2009 წელს, მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგად,  საქართველოს მოსწავლეების მიერ პიზას სამივე სფეროში - წიგნიერებაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში - გამოვლენილი ცოდნით სტატისტიკურად OECD ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად დაბალი შედეგი გამოვლინდა, რაც გარკვეულწილად უკავშირდება მოსწავლეებში ტექსტის სირღმისეული აღქმის უნარს.

2006 წელს  თბილისის 14 სკოლაში მასწავლებლების და მოსწავლეების მოლოდინები სკოლის რეფორმის მიმართ“ კვლევის ფარგლებში მოსწავლეთა მოტივაციასთან დაკავშირებული ფაქტორები იკვლიეს. კვლევის შედეგების თანახმად, სწავლების მოტივაციაზე  დიდ გავლენას ახდენს პედაგოგის დამოკიდებულება მათ მიმართ და საგნის სირთულე, სწორედ ამ პრობლემის დაძლევა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოტივი აღნიშნული კვლევის განხორციელებისა.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სწავლების მეთოდები დიდ გავლენას ახდენს საგნების ათვისებაზე, თავად სწავლება და მიდგომები კი გარემო და შიდა ფაქტორებითაა მართული. აქედან გამომდინარე, წინამდებარე კვლევის მიზანია გამოავლინოს მხატვრული ტექსტის სიღრმისეული გააზრებისთვის საჭირო სწავლების წამყვანი მეთოდი, რისი ცოდნაც პედაგოგებს, მშობლებს და თავად მოსწავლეებს მნიშნვნელოვან დახმარებას გაუწევს სწავლა/სწავლების პროცესის უკეთ წარმართვაში.


ლიტერატურის მიმოხილვა

მოგეხსენებათ, მხატვრული ლიტერატურის წაკითხვა სულაც არ ნიშნავს მის სიღრმისეულ აღქმას, ბლუმის ტაქსონომია სწორედ ამ მოსაზრებას ემყარება,  რომლის მიხედვითაც ცოდნა პირველი საფეხურია, მას მოსდევს გაგება-გაანალიზება, შეფასება და სინთეზი, მაგრამ როგორ ავიყვანოთ მოსწავლე ამ საფეხურებზე?
ლევან ცაგარელი ნაშრომში „ლიტერატურული ტექსტების ანალიზი“ განიხილავს „გაუცხოების ხერხს“(რუსი ფორმალისტი ვიქტორ შკლოვსკი) ანუ ყოველდღიური მეტყველებისგან განსხვავებულ გადმოცემის საშუალებებს, რაც უჩვეულო ხატოვანებით, გამეორებებითა და შედარებებით ხასიათდება, „გაუცხოება“ არღვევს ჩვეულ ავტომატიზებულ მოდელებს, რაც რთულად მისაღებ-აღსაქმელია. ამასთან, ლიტერატურული ტექსტის ფორმა ყოველთვის უფრო დიდ შინაარსს მოიცავს, ვიდრე ის არის ერთი შეხედვით. ამიტომაც ამბობდა დიმიტრი უზნაძე _ განათლებას განსაზღვრავს არა ის, თუ რამდენი ნაწარმოები აქვს ადამიანს წაკითხული, არამედ ის რამდენად სიღრმისეულად აქვს გააზრებული. რა თქმა უნდა, მასწავლებელმა პირველი საფეხურის, ცოდნის მისაღებად შეიძლება გამოიყენოს ნაწარმოების პერიფრაზირების მეთოდი, თუმცა ეს არაარსებით, ფაქტობრივ ცოდნას მისცემს მოსწავლეს, სადაც შესაძლოა დაიკარგოს ავტორის უმთავრესი  სათქმელი. გაუცხოება ლიტერატურული განახლებისა და განვითარების წინაპირობად მიაჩნია ცაგარელს, რასაც ვეთანხმები, ვინაიდან მოსწავლის აზროვნება და წვდომის უნარი შეუძლებელია მხოლოდ ფაქტების ცოდნით განვითარდეს.
ამავე ნაშრომში ცაგარელი საუბრობს მხატვრულ სამყაროზე, ცხადია, მთხრობელს დიდი როლი ენიჭება ნაწარმოების აღქმისას, როგორც უშუალო მიმწოდებელს, მთხრობელისგან მოდის ამბავი, რომელიც მიეწოდება ფიქტიურ ადრესატს, ანუ მკითხველს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ავტორის თავისებურებების, ხასიათის, მისი ბიოგრაფიის ცოდნა და კავშირების მოძებნა მხატვრულ ნაწარმოებთან.
ჟანრობრივი მახასიათებლების წვდომა, ცაგარელის მოსაზრებით, მნიშვნელოვანი ელემენტია. მოქმედების სივრცე, მოქმედი პირები და თავად მოქმედება სწორედ ჟანრის მიხედვით განისაზღვრება.
ლიტერატურული ნაწარმოების კითხვის დროს მკითხველის აქცენტი მოქმედ პირებზე აქვს, ამიტომ „მოქმედ პირთა დახასიათების აღწერა ლიტერატურათმცოდნეობითი ანალიზის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. გამოიყოფა მოქმედი პირის დახასიათების სხვადასხვა ხერხი: ფიგურალური და აუქტორული. ფიგურალური მოიცავს: საკუთარ და სხვის კომენტარს, მონოლოგსა და დიალოგს, ანუ ექსპლიციტურს და ასევე, იმპლიციტურს: გარეენობრივსა (ფიზიონომია, მიმიკა, ჟესტი...) და ენობრივს (ხმა, სტილი, მეტყველება), ხოლო აუქტორული: აღწერა, მსგავსება, განსხვავება. შესაბამისად, აუცილებელი და სასურველია პერსონაჟის ფსიქოლოგიური პორტრეტის აღქმისას მოსწავლემ გაითვალისწინოს ზემოთ ჩამოთვლილი თითოეული დეტალი.
ლიტერატურის თეორეტიკოსი რეზო ყარალაშვილი ნაშრომში „მხატვრული ნაწარმოების აღქმა“ ამბობს, რომ შესაძლებელია კითხვის ჩვევების გამომუშავება. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად და სიღრმისეულად გასაანალიზებლად გვთავაზობს ტექსტის დეკოდირების საშუალებას: 1. გამოსახვის საშუალებათა კოდი_ ენობრივი საშუალებების ამოცნობა; 2. ჟანრული კოდი _ კომედია, ტრაგედია, ნოველა...; 3. კულტურული კოდი _ გამოცდილება, ეპოქა...; 4. ფსიქოლოგიური კოდი _ ნაწარმოების გაგება, პერსონაჟთა თვისებების ამოცნობა მათ ადგილას საკუთარი თავის დაყენება...
ნინო შარაშენიძე „ქართული ტექსტის ლინგვისტურ-სტილისტურ ანალიზში“ გამოყოფს მხატვრული ტექსტის აღქმისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორებს. ის ავტორის წერის მანერას, წამყვან გადმოცემის საშუალებებს, სტილს, ენობრივ მხარეს ღრმა ანალიზის უპირობო საძირკვლად მიიჩნევს.
თამაზ ნატროშვილი ნაშრომში „პროზაული მხატვრული ტექსტის ანალიზი“ ანალიზის მნიშვნელოვან ელემენტებად ასახელებს:
·         მთავარი სათქმელი, პრობლემატიკის ამოცნობა ;
·         ტექსტის სიუჟეტისა და კომპოზიციის ურთიერთმიმართება;
·         პერსონაჟთა გალერეა, სურათხატები, გადმოცემის ხერხები.
·         ავტორისეული განწყობა-დამოკიდებულების კვლევა;
·         მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების მიმოხილვა;
·         ნაწარმოებზე მსჯელობა ჟანრობრივი თავისებურებებისა და ისტორიული მონაცემების გათვალისწინებით;
·         სუბიექტური ემოციურ-შეფასებითი დამოკიდებულების გამოვლენა;
·         პერსონაჟთა ხასიათზე, ქმედებებსა და საქმიანობაზე დაყრდნობით მათი შეფასება, დასკვნების გაკეთება;
·         დასკვნების განზოგადება
ნატროშვილის მოსაზრებით, ასევე, მნიშვნელოვანია კონცეპტუალური ჩარჩოს გათვალისწინება, თემაზე ორიენტირება და დედააზრში ჩაღრმავება. „იდეა ისაა, რის ირგვლივაც ბრუნავს ტექსტის ესთეტიკური სამყარო, პერსონაჟები“ _ ამბობს ის, ხოლო ავტორის მნიშვნელობაზე საუბრისას მოჰყავს ფლობერის სიტყვები, რომ ნაწარმოების შემქმნელი, ღმერთის დარად, უნდა იყოს ყველგან და ამავდროულად, კონკრეტულად არსად.

დასასრულ, შეფგახსენებთ გოეთეს მოსაზრებას: არსებობს სამი სახის მკითხველი: 1.გასჯის გარეშე ტკბება; 2. ტკბობის გარეშე მსჯელობს; 3. ტკბობისას მსჯელობს და მსჯელობისას ტკბება; სწორედ მესამე ტიპის, კვალიფიციური მკითხველის ჩამოყალიბება არის ჩვენი მიზანი, ამიტომ თეორეტიკოსთა კვლევებზე დაყრდნობით შევიმუშავეთ ახალი მიდგომა მხატვრული ტექსტის შესასწავლად.
ბერნარდ ვაინერი არის განათლების ფსიქოლოგი, რომელმაც ერთმანეთთან დააკავშირა ატრიბუციის თეორია და სკოლაში სწავლა. ვაინერის მიხედვით, წარმატებისა და მარცხის მიწერილი მიზეზების უმეტესიობა შეიძლება დავახასიათოთ სამი სიდიდის მიხედვით:

1.       ლოკუსი (მიზეზის ადგილმდებარეობა - პიროვნული შიგნით ან მის გარეთ)
2.       სტაბილურობა (დარჩება თუ არა მიზეზი იგივე უახლოესი მომავლის განმავლობაში)
3.       კონტროლირებადობა (შეუძლია თუ არა პიროვნებას აკონტროლოს მიზეზი)

ამ სამ სიდიდეს დიდი მნიშვნელობა აქვს მოტივაციისათვის, რამდენადაც ისინი გავლენას ახდენენ მოლოდინსა და ღირებულებაზე.
იერე ბროფიმ 5 კომპონენტი ჩამოთვალა:

1.       გაკვეთილებზე დასწრება იძულებით ხასიათს ატარებს, სასკოლო კურიკულუმი და სასწავლო აქტივობები შერჩეულია საზოგადოებრივი დაკვეთის და არა იმის საფუძველზე, რასაც ეს მოსწავლეები აირჩევდნენ, ამის საშუალება რომ ჰქონოდათ.
2.       მასწავლებლები კლასში ჩვეულებრივ მუშაობენ 20 ან მეტ ბავშვთან და ყოველთვის ვერ ახერხებენ თითოეული მოსწავლის მოთხოვნილებების გათვალისწინებას. შედეგად, ზოგიერთი მოსწავლე მოწყენილი და იმედგაცრუებულია.
3.       კლასები ისეთი სოციალური ფორმირებებია, სადაც თითოეული მოვლენა საჯაროა. ამდენად, წარუმატებლობა არა მარტო პიროვნების გულგატეხილობას იწვევს, არამედ დანარჩენებსაც აცბუნებს.
4.       მოსწავლეებს სისტემურად აფასებენ, პერიოდულად მშობლებს საქმის კურსში აყენებენ მათი შვილების სწავლის თაობაზე.
5.       მასწავლებლები და მოსწავლეები ხშირად ყოველდღიური რუტინისა და ერთფეროვნების მონაწილეებად იქცევიან ხოლმე, სასკოლო საქმიანობა დადის მასალის ბოლომდე გავლამდე (მასწავლებლისთვის) და დავალების შესრულებამდე (მოსწავლისთვის).

რა თქმა უნდა, მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფებს სხვადასხვაგვარი მოტივაცია გააჩნიათ. დაწყებით სკოლაში ზოგიერთ მოსწავლე სიამოვნებით მიდის სკოლაში, რადგან სკოლაში სიარული მისთვის არის „უფროსობასთან“ გაიგივებული. მოსწონთ მოსწავლისთვის განკუთვნილი სასკოლო ნივთები. ეს სოციალური როლი თავდაპირველად მისგან მოითხოვს აკურატულობას, დავალებების გულისხმიერ შესრულებას. რასაც ისინი აკეთებენ, რადგან მიცემული დავალებები ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია. შემდეგ საფეხურზე მოსწავლის მოტივაცია ხდება საგნობრივი, რადგან მატულობს ინტერესი რომელიმე საგნისადმნი. რაც უფრო უღრმავდება საგანს, მით უფრო მეტი ინტერესი და მიღწევები აქვს, ესმის მისი შინაარსის ლოგიკა.
მასწავლებლის სწავლების სტილი ერთ-ერთი განმსაზღვრელია მოსწავლეთა მოტივაციის გასაზრდელად. წარმატებული, ინოვაციური მეთოდებით მომუშავე და შემოქმედებითი მასწავლებლი სხვადასხვა ხერხების და სტრატეგიების გამოყენებით, სიახლეების ძიებითა და საკლასო ოთახში პოზოტიური გარემოს შექმნით ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას.
ვფიქრობ, შეუძლებელია სწავლებისას მიზნის მიღწევა, თუ ეს ორი კომპონენტი _ ახალი მიდგომები, მეთოდები არ აამაღლებს მოტივაციას.

მეთოდოლოგია
ა) კვლევის სამიზნე ჯგუფი
1.      სსიპ ქ. თბილისის N62 საჯარო სკოლის მე-8 კლასი;
2.      სსიპ ქ. თბილისის N62 საჯარო სკოლის მე-7 კლასი;
ბ) შერჩევა
კვლევაში  შერჩევა ორი ნიშნით იქნება:

·         საბაზო საფეხურის მოსწავლეები მნიშვნელოვანია ჩაერთონ  დეკოდირების მეთოდით სწავლებაში, რადგან ამ საფეხურზე მაღალი სააზროვნო უნარები ნაწილობრივ განვითარებულია, ამავდროულად, ასაკობრივი კუთხით ისინი ჩამოყალიბების პროცესში არიან, ძიების სურვილი მეტია ამ კატეგორიაში, რაც ხელისშემწყობი ფაქტორი იქნება კვლევისას.


·         მე-კლასს ასწავლის გულიკო ბიწაძე, ხოლო მე-7 კლასს ლიზა ნიჟარაძე, რომელთაც უნდა წარმართონ კვლევა. მათ კარგად იციან მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებები და შესაძლებლობები, რაც გაადვილებს კვლევისას შედეგის მიღწევას.


გ) მონაცემების შეგროვება

მეთოდები, რომელიც გამოვიყენეთ მონაცემთა შეგროვებისას :

·         მასწავლებელთა გამოკითხვა

1.      გამოკითხვა _ აღნიშნული მეთოდი გამოვიყენეთ, რათა პასუხი მიგვეღო მნიშვნელოვან კითხვებზე, დაგვედგინა პრობლემის არსი, მხატვრული ტექსტის სიღრმისეული აღქმის მნიშვნელობა სწავლებაში, რამდენად არიან მასწავლებლები ორიენტირებული ტექსტის დეტალურ გააზრებაზე, რა შედეგები აქვთ მოსწავლეებს ამ კუთხით, რა კონკრეტული ფორმით უწყობენ ხელს ლიტერატურული ტექსტის გაგება-გაანალიზებასა და მთავარი სათქმელის ამოცნობას, იყენებენ თუ არა დეკოდირების ცხრილს. რა ცვლილებებია საჭირო იმისთვის, რომ მოსწავლეს გაუადვილდეს ნაწარმოების აღქმა, ხოლო მასწავლებელმა შეძლოს თავისი პროფესიული საქმიანობის წარმატებით წარმართვა.


2.      შერჩევა _ სრული, სკოლაში მომქმედი ქართული ენისა და ლიტერატურის  მასწავლებლები გამოიკითხნენ, რადგან თითოეული მათგანის მოსაზრება მნიშვნელოვანია პრობლემის იდენტიფიცირებისა და საკვლევი მეთოდის შემდგომი დანერგვისთვის.


·         მოსწავლეთა გამოკითვა დიაგნოსტიკური კითხვარების მეშვეობით
ამ მეთოდს მივმართეთ, რათა დაგვედგინა მოსწავლეების არსებული ცოდნა, მათი ინტერესები და შესაძლებლობები, აღნიშნული კითხვარი ხელშემწყობი არის კვლევის შემდგომი ეტაპებისთვის, ვინაიდან მისი მეშვეობით დგინდება მოსწავლეთა ჯგუფები დეკოდირების პუნქტების მიხედვით, ისინი, რომელთაც აქვთ ცოდნა მხატვრულ საშუალებებისა და ენობრივი გამომსახველობითი საშუალების კუთხით, ზოგიერ მათგანს კარგად გამოსდის კულტურული კოდის ან ჟანრის მხრივ, არიან ისეთებიც, რომელთაც შეუძლიათ პერსონაჟთა ფსიქოლოგიური პორტრეტის გახსნა. დასაწყისისთვის სწორედ მათი არსებული უნარების გამოყენება იქნება მიზანშეწონილი კვლევის წარმართვისთვის. ასევე, კითხვარებში მოსწავლეების  ხედვა და ინტერესები წარმოჩნდება, რაც ხელს შეუწყობს კვლევის მსვლელობის მიზნობრიობას.  /იხილეთ დანართი N1/

·         მოსწავლეების შერჩევა
შერჩევა _ სრული, მოსწავლეები შეირჩა ასაკისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების მიხედვით. კვლევის განსახორციელებლად საჭირო არის საბაზო საფეხურის კლასები, სადაც აქვთ გარკვეული ცოდნა აღნიშნული საკითხებისა, სწორედ ამის გათვალისწინებით შეირჩა მე-7, მე-8 კლასის მოსწავლეები, მიუხედავად მათი აკადემიური მოსწრებისა, რადგან კვლევის ერთ-ერთი მიზანი მათი გაგება-გააზრების, შეფასებისა და სინთეზის უნარის განვითარებაა. 
დეკოდირების ცხრილით მოსწავლეთა საწყისი ცოდნის დადგენა
დეკოდირების ცხრილში იგულისხმება რეზო ყარალაშვილის მოსაზრებებზე დაყრდნობით შედგენილი ცხრილის გამოყენებას მხატვრული ნაწარმოების აღქმისას. ზემოთ აღნიშნული ცხრილი მოსწავლეს დაეხმარება ინფორმაციის მოძიებაში დახარისხებასა და გაერთიანებაში, საბოლოოდ, ის შეძლებს ლიტერატურული ტექსტის სრულ გაგება-გაანალიზებას.
დეკოდირების ცხრილი ოთხჯერ გამოიყენება კვლევისას, რათა მოსწავლეები სრულყოფილად დაეუფლონ მხატვრული ნაწარმოების სიღრმისეული აღქმის უნარებს.
ცხრილის ბოლო გამოყენების შედეგები კვლევის სარგებლიანობის სრულ სურათს  ასახავს.
შერჩევა _ სრული, მოსწავლეები შეირჩა ასაკისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების მიხედვით. კვლევის განსახორციელებლად საჭირო არის საბაზო საფეხურის კლასები, სადაც აქვთ გარკვეული ცოდნა აღნიშნული საკითხებისა, სწორედ ამის გათვალისწინებით შეირჩა მე-7, მე-8 კლასის მოსწავლეები, მიუხედავად მათი აკადემიური მოსწრებისა, რადგან კვლევის ერთ-ერთი მიზანი მათი გაგება-გააზრების, შეფასებისა და სინთეზის უნარის განვითარებაა. 
·         მეორედი მონაცემების ანალიზი

 მეორადი მონაცემების დამუშავება გულისხმობს მასწავლებელთა და მოსწავლეთა პირველადი გამოკითხვის შედეგების ანალიზსა და მისი მეშვეობით პრობლემის იდენტიფიცირებას, რაც მოგვცემს თვალნათელ სურათს საიდან დავიწყეთ კვლევა და საბოლოოდ რა შედეგზე გავედით. 
·         შერჩევა _ მიზნობრივი
  ამ ეტაპზე შერჩევას გაკვეული მიზნით ვახორციელებთ, რათა ნათელი გახდეს მაღალი, საშუალო და დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებში დამდგარი შედეგი.
კვლევის მონაწილე მხარეები და მათი პასუხისმგებლობები
მოსწავლეები და პედაგოგები:
·         კვლევის ჯგუფის წევრების შერჩევა
·         კვლევის ინსტრუმენტების შემუშავება (ფოკუსჯგუფი, კითხვარი)
·         მასწავლებელთა გამოკითხვა
·         გამოკითხვის შედეგების ანალიზი
·         მოსწავლეთა გამოკითხვა
·         გამოკითხვის შედეგების ანალიზი
·         ინტერვენცია 1
·         ინტერვენცია 2
·         ინტერვენცია 3
·         ინტერვენცია 4
·         ინტერვენცია 5
·         ინტერვენციების შედეგების ანალიზი
·         პროექტის ვადების დაცვა
·         შედეგების ასახვა და შეჯამება

დ)  კვლევის ვადები
აქტივობა
ნოემბერი
დეკემბერი
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
პრობლემის იდენტიფიცირება
X







კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება
X







შეხვედრა მასწავლებლებთან, გამოკითხვა
X







გამოკითხვის ანალიზი
X







შეხვედრა ფოკუს ჯგუფთან, გამოკითხვა



X

X


გამოკითხვის ანალიზი
X







მეორადი მონაცემების შეგროვება

X






მეორადი მონაცემების ანალიზი

X






მასწავლებელთა კითხვარის შედგენა, დამუშავება

X






გამოკითხვა

X






მოსწავლეთა კითხვარის შედგენა, დამუშავება

X






გამოკითხვა

X






მიღებული შედეგების ანალიზი

X






სავარაუდო ინტერვენციების განხილვა


X





ინტერვენციების განხორციელება


X
X
X
X
X

ინტერვენციების შედეგების ანალიზი






X

კვლევის ასახვა, შეჯამება







X

სწავლებაზე უარყოფითად მომქმედი სავარაუდო ფაქტორები
საქართველოს სასკოლო კვლევების ცენტრის ორგანიზებით ჩატარებული დისკუსიის შედეგად, სადაც მონაწილეობას იღებდნენ მოსწავლეები, სტუდენტები  და ცენტრის მკლვევარები, გამოვლინდა სამი ფაქტორი, რომლებიც სასწავლო მოტივაციის დაქვეითების მიზეზი შეიძლება გახდეს. მათი გამოვლენა დიდ დახმარებას გაუწევს პედაგოგებს, სკოლის ხემძღვანელებსა და მშობლებს მოსწავლეებთან სწორი სასწავლო პოლიტიკის შემუშავებაში, რათა არ მოხდეს სწავლის მოტივაციის დაქვეითება. ეს ფაქტორებია:
სასკოლო გარემო - იგულისხმება, რომ სკოლაში უნდა იყოს სწავლისთვის შესაფერისი პირობები და უსაფრთხო ფსიქოლოგიური გარემო
სწავლების დემოტივაციის ერთ-ერთ ფაქტორად სახელდება ნეპოტიზმი, რომელიც მოსწავლეებს სწავლების მიმართ ინტერესს უქვეითბს. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ისინი ფიქრობენ, რომ სწავლა დაუფასებელი შრომაა და ნაცნობ-მეგობრობის საშუალებითაც შეიძლება წარმატების მიღწევა.
პედაგოგი და სასწავლო რესურსები
·         პედაგოგის პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა.
·         პედაგოგის დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ.
·         სწავლების ერთფეროვანი მეთოდების გამოყენება.
·         საგნის სრულფასოვნად შესასწავლად საჭირო სასწავლო რესურსებისა და ინვენტარის არ არსებობა.
საკვლევი კითხვები
კვლევის ჯგუფმა განსაზღვრა კვლევის მიზანი და ჩამოაყალიბა შემდეგი საკვლევი კითხვები:
·         არის თუ არა პრობლემური მხატვრული ტექსტის გააზრება საბაზო საფეხურის მოსწავლეთათვის?  
·         რასაც პასუხი გაეცემა მასწავლებელთათვის განკუთვნილი კითხვარით.
·         რომელი მეთოდის გამოყენებით შეიძლება მოსწავლემ შეძლოს მხატვრული ტექსტის სიღრმისეული აღქმა?
·         შემუშავებული მეთოდები და ინტერვენცია გამოავლენს შერჩეული ჰიპოთეზის მართებულობას.

კვლევის შედეგები 1

·         გამოკითხვის შედეგების ანალიზი:

I კითხვარი _ პრობლემის დადგენა
·         ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების გამოკითხვის მიზანი იყო დაგვედგინა რა ღირებულება აქვს მათთვის მოსწავლის მხატვრული ტექსტის სიღრმისეულად აღქმის უნარს. რა პრობლემები ხვდებათ ლიტერატურული ტექსტის გააზრებისას და როგორ წარმოუდგენიათ აღნიშნული პრობლემების მოგვარება.
აღმოჩნდა, რომ
·         პედაგოგების 80 % ფიქრობს, რომ მხატვრული ტექსტის სიღრმისეული აღქმა ყველაზე დიდი პრობლემაა სწავლებისას, ისინი მოსწავლეებს სთავაზობენ სხვადასხვა აქტივობებს, თუმცა შედეგი არასახარბიელოა. მათი თქმით, პრობლემები არის ცოდნის გამოყენებაში, დახარისხებასა და ლიტერატურული ტექსტთან დაკავშირებაში.
·         დანარჩენი 20% ამ პრობლემას არ მიიჩნევს მნიშვნელოვნად.

·         I კითხვარის შედეგების შეჯამება:
·         პედაგოგთა პასუხებმა ცხადყო, რომ პრობლემა რეალური და აქტუალურია, რის შემდეგაც კვლევაზე მუშაობა მოსწავლეებთან განვაგრძეთ.

II კითხვარი _ მოსწავლეებში არსებული პრობლემის დადგენა

ვინ არის კარგი მკითხველი?
რა სიტუაციაში გირჩევნიათ კითხვა, რა არის ხელისშემშლელი კითხვისას?
აყენებთ თუ არა თქვენს თავს პერსონაჟის ადგილას?
ითვალისწინებთ თუ არა ტექსტის ენობრივ თავისებურებებს?
კითხვარი და მოსწავლეთა პასუხები იხილეთ: დანართი N1


კვლევის დიზაინი და პროცედურა
კვლევა ჩატარდა სასკოლო გარემოში, სადაც მოსწავლეებს დაურიგდათ მხატვრული ტექსტის აღქმის დონის დასადგენად სადიაგნოსტიკო კითხვარი, რომელიც 7 კითხვისგან შედგება. კითხვარი 7 მოტივის შეფასების საშუალებას იძლევა, ესენია: სათაური და მწერალი, ჟანრი, ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები, კულტურული კოდი, ფსიქოლოგიური კოდი, იდეური სათქმელი.
თითოეული მათგანის შეფასება 3 დებულებით მოხდა შემდეგი სისტების გამოყენებით:
0 ქულა - თითქმის არ აქვს მნიშნვნელობა,
1 ქულა - ნაწილობრივ მნიშვნელოვანია,
2 ქულა - შესამჩნევად მნიშვნელოვანია,
3 ქულა - ძალიან მნიშვნელოვანია.
ქულებით მოსწავლეებში უნდა შეგვეფასებინა ჩამოთვლილ მოტივთა მნიშვნელობა. კვლევის ჩატარებამდე მოსწავლეებმა დეტალურად მოისმინეს კვლევის ინსტრუქცია. მოსწავლეები კითხვარის შევსების განმავლობაში არ იყვნენ დროში შეზღუდულნი. კვლევის საფუძველზე უნდა გამოიყოს შვიდი საკითხის მიხედვით მათი ძლიერი და სუსტი მხარეები, რათა ინტერვენციის მეშვეობით ვიპოვოთ პრობლემის მოგვარების გზა, რაც კვლევის მიზანს წარმოადგენს.
კითხვარის შედეგები:

აღსანიშნავია, რომ ნულქულიანი მაჩვენებელი არ გამოვლინდა, დანარჩენი მაჩვენებლები კი მონაცემთა სპეციალური კოდირების სისტემის გამოყენებით შეჯამდა, რომელიც შემდეგი სახითაა წარმოდგენილი:

N

მოსწავლის მხატვრული ტექსტის აღქმის საშუალო მაჩვენებელი 
დაბალი
საშუალო
მაღალი
1
სხვადასხვა ლიტერატურული ჟანრის მახასიათებლების ცოდნა;
17
21
10
2
მწერლის ბიოგრაფიის შესახებ ინფორმაცია და ტექსტთან კავშირები;
19
22
7
3
სათაურის განმარტება და გათვალისწინება;
10
29
11
4
ეპოქის ცოდნა და გამოყენება აღქმისას;
16
24
8
5
ენობრივი თავისებურებებებისა და მხატვრული თავისებურებების ცოდნა-დაკავშირება;
14
25
9
6
პერსონაჟთა ხასიათის ამოცნობა, დეტალების გათვალიწინება;
21
19
7
7
პერსონაჟთა ადგილას საკუთარი თავის დაყენება და დამოუკიდებელი მოსაზრების გამოთქმა;
24
20
4
8
ლიტერატურული ტექსტის იდეის ამოცნობა;
19
24
5

მოსწავლეთა დიაგნოსტირების საშუალებით გამოიყო მათი ცოდნა და ლიტერატურულ ნაწარმოებთან დაკავშირების უნარები, ცოდნის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა ჟანრებსა და სათაურის განმარტებაში, კითხვისას სწორედ ამ საკითხებზე ფიქრობენ მოსწავლეები, ამას მოსდევს ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები,  რასაც მოჰყვება რიგით მესამე, მწერლის ცხოვრებისა და  ეპოქის ცოდნა, ყველაზე ბოლოს ადგილს იჭერს დეტალებზე დაკვირვება და პერსონაჟთა განცდების გათავისება, თუმცა პირად ფსიქოლოგიურ ემოციას კარგად უკავშირებენ ლიტერატურულ ტექსტს - აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ცოდნის გამოყენება კითხვისას დაბალი მაჩვენებლით გამოვლინდა, ასევე, იგრძნობა მაღალი სააზროვნო უნარების ნაკლებობა, რაც შეეხება დამოუკიდებელი მოსაზრებების არსებობას, მცირედი უპირატესობითაა წარმოდგენილი.
ზემოთ აღნიშნული შედეგები დამაფიქრებელია, რადგან თუ მოსწავლე არ ამახვილებს ყურადღებას დეტალებზე, ის ვერ შეძლებს პერსონაჟთა ხასიათის წვდომას, ასევე, წიგნის კითხვის სიყვარული შეუძლებელია, თუ აღწერილ გარემოსა და ამბავს შენს თავზე არ განიცდი.
რაც შეეხება მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებს, ისინი ამ მხრივ შედარებით უკეთ ახერხებენ გაანალიზებას, ვინაიდან მათ მხატვრულ ტექსტთან ცოდნის დაკავშირების უკეთესი უნარი აქვთ, მათ შეუძლიათ ნაწარმოების გათავისება.  შედეგები შემდეგნაირად გამოვლინდა: მხატვრული ტექსტის სიღრმისეული აღქმის უნარი ორივე კლასის წარჩინებული მოსწავლეების (30%) მიერ დაფიქსირდა 4-ჯერ, ხოლო იმ მოსწავლებში, რომელთაც შედარებით დაბალი აკადემიური მოსწრება აქვთ (13%) ეს  1-ჯერ დააფიქსირეს.

მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებისა და  შედარებით დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეების მიერ კვლევაში გამოვლენილი მხატვრული ტექსტის წვდომის უნარის    გამოვლენის სიხშირე:


მონაცემთა ანალიზის შემდეგ ჩვენ მიერ დაიგეგმა ხუთი ინტერვენცია დეკოდირების ცხრილის გამოყენებით. ინტერვენციების დროს განსახილველი ნაწარმოებები ასე შეირჩა:
1.     ნიკო ლორთქიფანიძე _ „ტრაგედია უგმიროდ“
2.     ნიკო ლორთქიფანიძე _ „დაგვიანებული ყვავილები“
3.     რევაზ ინანიშვილი _ „მარადიული პეიზაჟი“
4.     რევაზ ინანიშვილი _ „ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?“
5.     ნიკო ლორთქიფანიძე _ „ტრაგედია უგმიროდ“

ინტერვენციებზე გამოსაყენებელი მეთოდია დეკოდირების ცხრილი, რომელიც ეყრდნობა რეზო ყარალაშვილის „მხატვრული ნაწარმოების აღქმაში“ განხილულ საკითხებს.
 ინტერვენციის აღწერა და მისი შედეგები
1.    ინტერვენცია
ინტერვენციის საწყის ეტაპზე განვიხილეთ საჭიროებები, ჩარევის მიზანი და სავარაუდო მეთოდები, შევათანხმეთ საგაკვეთილო გეგმის სტრუქტურა, ჩამოვაყალიბეთ მასალის მიწოდების ეფექტიანი საშუალებები, გავითვალისწინეთ ჩვენ მიერ გამოყენებული პირველი კითხვარის შედეგები.
მასწავლებელმა ინტერვენციის საწყის ეტაპზე მოსწავლეებს აუხსნა მის მიერ შედგენილი დეკოდირების ცხრილის ყველა პუნქტი, დიაგნოსტიკური კითხვებით გაახსენა ბენეფიციარებს წინარე ცოდნა, დაუკონკრეტა თითოეული პუნქტის მოთხოვნა, ასევე, განუმარტა, რომ გამოვლენილი შედეგები, თუნდაც ხარვეზები,  არ აისახებოდა მათი საგაკვეთილო შეფასებისას. ამ მიდგომამ გაამართლა, რადგან მოსწავლეები იყვნენ პროცესში აქტიურად ჩართულნი, მოეხსნათ დაძაბულობა, გაუჩნდათ მოტივაცია, რომ გამოევლინათ ცოდნა, საკუთარი შესაძლებლობები.
გაკვეთილზე მე-7 კლასში იმყოფებოდა 25 მოსწავლე, ხოლო მე-8 კლასში _  23 , ყველა მათგანი აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში.
გამოყენებული იყო სკაფოლდინგის მეთოდი, დიაგნოსტიკური კითხვებით წინარე ცოდნის გახსენების შემდგომ მასწავლებელმა ძველს ახალი ცოდნა დაამატა და ინდივიდუალურად დაამუშავებინა პაუზებით კითხვისას ტექსტი.
მასწავლებლის მიერ მიცემული განმარტებებისა და ინსტრუქციის შემდგომ მოსწავლეებმა პაუზებით წაიკითხეს ტექსტი, ნიკო ლორთქიფანიძის „ტრაგედია უგმიროდ“ და შეავსეს დეკოდირების ცხრილი.
მოსწავლეებმა აღნიშნულ ცხრილში სურვილისამებრ დაამატეს მეხუთე გრაფა, კოდი, რომელსაც მხატვრული ნაწარმოების აღქმისთვის მნიშვნელოვნად თვლიდნენ.
აღმოჩნდა, რომ მე-7 კლასელთა უმრავლესობამ მეხუთე კოდად აირჩია ავტორის მთავარი სათქმელი, იდეა, ხოლო მე-8 კლასელთათვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ლიტერატურული პარალელები.
1.      ინტერვენციის შედეგები
პირველი ინტერვენცია გეგმის მიხედვით წარიმართა. შედეგები მოსალოდნელი იყო, მოსწავლეების უმრავლესობამ დავალება ნაწილობრივ შეასრულა, მათი საუბარი აღნიშნულ საკითხებზე იყო ზედაპირული, არადამაჯერებლობას სძენდა ნამუშევარს არაარგუმენტირებულობა.
მცირე ნაწილმა სიახლისადმი მზადყოფნა გამოავლინა და არგუმენტებზე დაყრდნობით ადეკვატურად იმსჯელა, გამოავლინა ცოდნა და შეძლო ტექსტის გააზრება, თუმცა ზოგიერთი პუნქტი შედარებით სუსტად იყო გააზრებული და დასაბუთებული. 
პირველი ინტერვენციის შემაჯამებლის ქულები ასე გადანაწილდა:
მე-7 კლასი                                                                 მე-8 კლასი
·         10 ქულა _ 0                                                    _ 0
·         9 ქულა _ 2                                                      _ 1
·         8 ქულა _ 4                                                      _ 8
·         7 ქულა _ 6                                                      _ 4
·         6 ქულა _ 7                                                      _ 3
·         5 ქულა _ 4                                                      _ 4
·         4 ქულა _ 2                                                      _ 3
გამოვლინდა მოსწავლეთა ნაწილი, რომელიც ფლობდა მაღალ სააზროვნო უნარებს, ასევე, ნაწილი, რომელსაც შეეძლო ეპოქის მახასიათებლების კავშირი ეპოვა ტექსტთან, ისინი, ვინც მეტად ძლერები იყვნენ ენობრივ-გამომსახველობით საშუალებებში და სხვ.
2.    ინტერვენცია
 მეორე ინტერვენციისთვის შეირჩა ნიკო ლორთქიფანიძის „დაგვიანებული ყვავილები“ გამოყენებული იყო ინდივიდუალური, ჯგუფური მუშაობის მეთოდები.
  მუშაობისას გავითვალისწინეთ წინა ინტერვენციისას მიღებული შედეგები და მოსწავლეები ჯგუფებად დავყავით შესაძლებლობების მიხედვით.
ჯგუფებად კლასები ოთხი კოდის მიხედვით გაიყო:
 1. ჟანრული კოდი, მწერალი, სათაური;
2. ენობრივი კოდი, სტილი, მხატვრული საშუალებები;
3. კულტურული კოდი;
4. ფსიქოლოგიური კოდი;
ჯგუფებში გადანაწილებისას მასწავლებელმა მონაწილეები შეარჩია ინდივიდუალური შესაძლებლობების მიხედვით.
მოსწავლეებმა ნაწარმოები სხვადასხვა კუთხით განიხილეს, მოიძიეს ინფორმაცია მწერლის, ეპოქის და სხვ. საკითხების ირგვლივ, მასალა განათავსეს ფორმატებზე, მოამზადეს პრეზენტაცია და წარუდგინეს თანაკლასელებს.

2.ინტერვენციის შედეგები 
მეორე ინტერვენციის შეფასებისთვის გამოვიყენეთ ფოკუსირებული დაკვირვების ჯგუფი  ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების შემადგენლობით, რომლებმაც იხელმძღვანელეს საკუთარი გამოცდილებით, ეროვნული სასწავლო გეგმითა და დასაწყისში ჩვენ მიერ ჩატარებული მეორე ინტერვენციით.
ფოკუს ჯგუფი მიზნად ისახავდა კვლევის ჯგუფის წევრების მოსაზრების მართებულობის დადგენას, რომ დეკოდირების საშუალებით მოსწავლე შეძლებს განივითაროს მხატვრული ტექსტის სიღრმისეული გააზრების უნარი.
გაკვეთილი საინტერესო და შედეგიანი გამოვიდა, მოსწავლეებმა სხვა კუთხით დაინახეს ნოველა, მეტი ინფორმაცია დაუგროვდათ, მოახერხეს მისი დახარისხება,
ჩართულობა მაღალი იყო, რადგან პრეზენტაციის მომზადებისას ჰქონდათ სრული თავისუფლება, მასწავლებელი იყო ფასილიტატორი, მიმართულების მიმცემი.
საინტერესო პრეზენტაციების მოსმენის შემდგომ საუბრისას გამოვლინდა, რომ ისინი ხვდებოდნენ თითოეულ ჯგუფში განხორციელებული სამუშაოს მნიშვნელობას მხატვრული ტექსტის აღქმაში.
მოსწავლეებმა შემდგომში ამ ტიპის გაკვეთილების ჩატარების სურვილი გამოავლინეს, დარწმუნდნენ საკუთარ შესაძლებლობებში და უკვე თამამად  გამოთქვამდნენ საკუთარ მოსაზრებებს.
ამ მოსაზრებების აღნიშვნის შემდგომ ფოკუსირებული დაკვირვების ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს იმ უარყოფით მხარეებზე, რაც წარმოჩნდა მუშაობისას, მათი მოსაზრებით, ჯერ შედეგზე საუბარი ნაადრევია, რადგან მოსწავლეთა ნაწილი ვერ ავლენდა შესაბამის ცოდნას, ერთი მიმართულებით გამოვლენილი შესაძლებლობები კი არ არის საკმარისი ლიტერატურული ტექსტის სრული აღქმისთვის.
მოსაზრებების დაფიქსირებისა და მონიტორინგისთვის ფოკუს-ჯგუფს დაურიგდა ჩვენ მიერ შერჩეული კითხვარი:
კითხვა:
დიახ
არა
გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეების ცოდნა დეკოდირების საკითხებისადმი წარმოჩნდა?


დასაწყისში მოსწავლეები არსებულ (თუნდაც მწირ) ცოდნას აკავშირებდნენ ნაწარმოებთან?


გაკვეთილის შეჯამებისას თვალნათელი იყო ცოდნის გაუმჯობესება?


გაკვეთილის შეჯამებისას შეძლეს მოსწავლეებმა ცოდნის ტექსტთან დაკავშირება?


კითხვარმა დაადასტურა დეკოდირების ცხრილის ეფექტიანობა, რასაც მოწმობს ის, რომ მასწავლებელთა სრულმა უმრავლესობამ ბოლო ორ კითხვას დადებითად უპასუხა.

3.ინტერვენცია
მესამე ინტერვენციის განსახორციელებლად შეირჩა რევაზ ინანიშვილის ნოველა „მარადიული პეიზაჟი“, ეს ნაწარმოები განსხვავებულია სხვათაგან, რადგან ზოგადსაკაცობრიო თემაა წარმოდგენილი და ეპოქის გავლენის ამოკითხვა რთულია, სწორედ ეს სხვაობა იყო გადამწყვეტი შერჩევისას.
გაკვეთილი წარიმართა საინტერესოდ, მოსწავლეები მუშაობდნენ წყვილებად, წყვილები შეირჩა ძალთა დაბალანსების გათვალისწინებით. ისინი პაუზებით წყვილში კითხულობდნენ ტექსტს და დეკოდირების ცხრილის მიხედვით იწერდნენ ჟანრობრივი, ენობრივ-გამომსახველობითი, კულტურული, ფსიქოლოგიური თვალსაზრისების დამადასტურებელ არგუმენტებს. ტექსტის ამ მეთოდით დამუშავების შემდგომ მოსწავლეებს ახალი დავალება მიეცათ, რაც სახალისო იყო, რადგან განსხვავებული მეთოდი შევთავაზეთ მათ,  ნაწარმოებში აღწერილია შემოდგომა, ამიტომ დავყარეთ სხვასსხვა შემოდგომის ფერის ფოთლებად დაჭრილი ფურცლები, რომლებზეც განთავსებული იყო კითხვები, თითო წყვილს ერგებოდა თითო კითხვა, თუ წყვილი ვერ უპასუხებდა კითხვას ჯდებოდა და სხვა წყვილს (სურვილისამებრ) გადასცემდა კითხვას, ასე გამოვავლინეთ გამარჯვებული წყვილები.
 კითხვები შედგენილი იყო მიზნობრივად, დეკოდირების ცხრილის გათვალისწინებით.

3 ინტერვენციის შედეგები:
ინტერვენცია ეყრდნობოდა თვისობრივ კვლევას, მასწავლებელი აკვირდებოდა მოსალოდნელ შედეგებს.
ინტერვენციისას  გამოვლინდა მოსწავლეთა შეძენილი ცოდნა, კითხვებს წარმატებით გასცეს პასუხები, იყო მცირე ჩავარდნები, თუმცა საერთო ფონი გაცილებით მაღალი იყო.
შედეგს ხელი შეუწყო ერთგვარი თამაშის, შეჯიბრების ფორმატმა, ვინაიდან, როგორც უზნაძე ამბობდა, მოტივაცია საძირკველია, რაც განსაზღვრავს შედეგს.
 
4 ინტერვენცია
მეოთხე ინტერვენციის შეფასებისთვის გამოვიყენეთ ფოკუსირებული დაკვირვების ჯგუფი  ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების შემადგენლობით, რომლებმაც იხელმძღვანელეს საკუთარი გამოცდილებით, ეროვნული სასწავლო გეგმითა და დასაწყისში ჩვენ მიერ ჩატარებული მეორე ინტერვენციით.
ფოკუს ჯგუფი მიზნად ისახავდა კვლევის ჯგუფის წევრების მოსაზრების მართებულობის დადგენას, რომ დეკოდირების საშუალებით მოსწავლე შეძლებს განივითაროს მხატვრული ტექსტის სიღრმისეული გააზრების უნარი.
გაკვეთილის თემად შეირჩა რევაზ ინანიშვილის ნაწარმოები „ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?“, მოსწავლეები დავყავით ჯგუფებად და გავიმეორეთ მეორე ინტერვენციისას გამოყენებული მეთოდი.
1. ჟანრული კოდი, მწერალი, სათაური;
2. ენობრივი კოდი, სტილი, მხატვრული საშუალებები;
3. კულტურული კოდი;
4. ფსიქოლოგიური კოდი;
5. შეფასების ჯგუფი (შეირჩა 3 მოსწავლე, რომელთაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ)
ამჯერად, დანარჩენ ჯგუფებში გადანაწილებისას მასწავლებელმა მონაწილეები შეარჩია შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.
ფოკუსირებული დაკვირვების ჯგუფმა გაკვეთილის მსვლელობის დასრულების შემდგომ განაცხადა:
ინფორმაციის მოგროვებასა და დახარისხებაში,  როგორც პრეზენტაციაში, მონაწილეობას იღებდა ჯგუფის ყველა წევრი, მოტივაცია მაღალი იყო, რაც, სავარაუდოდ, თანმიმდევრულმა, მიზანმიმართულმა პროცესმა გამოიწვია.
ამჯერად, მასწავლებელმა, პრეზენტაციების შემდგომ, მოსწავლეებს ნაწარმოები  დღევანდელობასთან დააკავშირებინა, ამოაცნობინა მთავარი სათქმელი, შესთავაზა ოცდამეერთე საუკუნის ძალადობის მაგალითი და საზოგადოების გულგრილობის ამსახველი კადრები, რამაც არაერთგვაროვანი შეფასება გამოიწვია, მოსწავლეებმა შეძლეს საკუთარი თავი დაეყენებინათ პერსონაჟთა ადგილას, შეძლეს სხვისი თვალით დანახვა, მათ თავისუფლად გამოთქვეს მოსაზრებები, რასაც დამაჯერებლობა შესძინა მოყვანილმა მაგალითებმა.
გაკვეთილის გეგმა შეგიძლიათ იხილოთ: დანართი N2
4 ინტერვენციის შედეგები
ამ ინტერვენციის განხორციელებისას შედეგი თვალნათელი იყო, ის მოსწავლეებიც კი, ვინც უფრთხოდა შეხედულებების გამოთქმას დასწყისში, აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი მსჯელობაში, მათთვის საინტერესო თემა და ვიზუალური მასალა მაპროვოცირებელი აღმოჩნდა, გამოვლინდა მიძინებული შესაძლებლობები, განვითარდა კრიტიკული, შეფასების, სინთეზის, ტრანსფერის მაღალი სააზროვნო სუნარები.
ფოკუსირებული დაკვირვების ჯგუფის მოსაზრებით, ამ ტიპის გაკვეთილი ხელს უწყობს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მხატვრული ნაწარმოების ტექსტის აღქმა-გააზრებისას.

5.ინტერვენცია
კვლევის ჯგუფმა საკვლევ კითხვებზე პასუხების მისაღებად დაგეგმა პირველი ინტერვეციის თემა გამოეყენებინა კვლევის ბოლო ფაზაშიც. ეს თვალსაჩინოს გახდის მიღწეულ შედეგებს.
დაგეგმილი გაკვეთილის თემაა: ნიკო ლორთქიფანიძის „ტრაგედია უგმიროთ“
განმეორებითი განხილვა პირველი ინტერვენციის მსგავსად წარიმართა, გამოვიყენეთ სკაფოლდინგის მეთოდი.
მასწავლებელმა წინარე ცოდნის გამოყენებით მოსწავლეებს მიაწოდა ახალი მასალა რამდენიმე მიმართულებით: მწერლის ბიოგრაფიიდან დამატებითი ნიუანსები, ჟანრობრივი კუთხით: იმპრესიონისტული ხედვები ლორთქიფანიძის შემოქმედებაში და ფსიქოლოგიური ნოველის ნიშნები, ენობრივ-გამომსახველობითი მხარე: ნაკლული, უქვემდებარო, სახელდებითი წინადადებები, პუნქტუაციის დამატებითი ეფექტები; ლიტერატურული პარალელები ბიბლიიდან, გიორგი კეკელიძის ლექსი _ „წერილი ღმერთს და მამაჩემს“, გიორგი ლობჟანიძე _ „დიდების ზღაპარი“.
 გთავაზობთ გაკვეთილის გეგმას დანართის სახით: დანართი N3

5 ინტერვენციის შედეგები
კვლევის ჯგუფი მიიჩნევს, რომ შედეგი თვალსაჩინოა, ხუთმა ინტერვენციამ საგრძნობლად შეცვალა სურათი, ეს აისახა მოსწავლეთა წერილობით ნამუშევრებსა და აკადემიური მაჩვენებლების ზრდაში, ამასთან, საგაკვეთილო პროცესი გაუმჯობესდა.
მეხუთე (ბოლო) ინტერვენციის შემაჯამებლის ქულები ასე გადანაწილდა:
მე-7 კლასი                                                                 მე-8 კლასი
·         10 ქულა _ 2                                                    _ 3
·         9 ქულა _ 5                                                      _ 5
·         8 ქულა _ 4                                                      _ 5
·         7 ქულა _ 10                                                     _ 7
·         6 ქულა _ 3                                                       _ 2
·         5 ქულა _ 2                                                       _ 1
·         4 ქულა _ 0                                                       _ 0
 შედეგები საგრძნობლად გაუმჯობესდა, რაც მოსწავლეთა აკადემიურ მაჩვენებელში თვალნათლივ აისახა.
შეგიძლიათ იხილოთ რამდენიმე მოსწავლის თავდაპირველი და ბოლო ნამუშევრები დანართის სახით, რაც თვალნათელს ხდის მიღწეულ შედეგსა და მეთოდის ეფექტიანობას.   /დანართი N4/

შეჯამება / მიგნებები, რეკომენდაციები
მონაცემთა შედეგების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ჰიპოთეზის პირველი ნაწილი გამართლდა, რაც კვლევის დასასრულს მოსწავლეთა სწავლების მაღალი, გაუმჯობესებული  მაჩვენებლით აიხსნება. უარყოფითი მხარე კი საკმაოდ დაბალი მაჩვენებლითაა წარმოდგენილი, თითოეულ კლასში მხოლოდ ხუთიოდე მოსწავლის შედეგი არ შეცვლილა უკეთესობისკენ,  შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლეებს გააჩნიათ მაღალი სააზროვნო უნარები, თუმცა გამოვლენას დიდი ძლისხმევა სჭირდება. ჩვენ მიერ გამოყენებული მეთოდით მოსწავლეები შეძლებენ მიიღონ მეტი ინფორმაცია და ცოდნა, გახდნენ წარმატებულნი, რაზეც გარეგანი ფაქტორებით გამოწვეული უარყოფი გავლენების საშიშროება უმნიშვნელოა.
რაც შეეხება ჰიპოთეზაში გაჟღერებულ მეორე ვარაუდს,  გამართლდა და გამოვლინდა, რომ საბაზისო კლასის მოსწავლეთა პრობლემა არა უცოდინრობაში, არამედ ცოდნის მიმართულების მიცემის არცოდნაშია, მოსწავლეს, რომელიც ახერხებს თეორიული ცოდნა პრაქტიკულად გამოიყენოს, ახერხებს ცოდნის მობილიზებას, ფლობს მაღალ სააზროვნო უნარებს, აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება.  შესაბამისად, იმისთვის, რომ მოსწავლემ გააუმჯობესოს სასწავლო მიღწევები, უნდა მოხდეს მისი შინაგანი მოტივების გააქტიურება და სასწავლო მეთოდების სრულყოფა, ცოდნის მიმართულების მიცემის ამაღლება. ყოველივე ეს შესაძლოა მაღალ კორელაციაში იყოს მოსწავლეთა მოტივაციასა და თვითშეფასებასთან, რაც მომდევნო კვლევის მიზნად შეიძლება დავისახოთ.
წინამდებარე კვლევის შედეგები კი წარედგინა სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის პედაგოგებს, რომლებიც სავარაუდოდ, თავიანთ მომავალ საქმიანობას დააყრდნობენ აღწერილ შედეგებს.
კვლევისას დასმულ კითხვებს, ვფიქრობთ, პასუხი გაეცა: მხატვრული ტექსტის აღქმა პრობლემური საკითხია და ამ საკითხის  მოგვარებას ხელს შეუწყობს ჩვენ მიერ შემოთავაზებული დეკოდირების მეთოდი.
დასასრულ, გვინდა უღრმესი მადლობა გადავუხადოთ  თანადგომისა და კონსულტაციებისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ თამარ ტალიაშვილს, აგრეთვე, ამავე უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების მასწავლებლის პროფესიული მიმართულების სტუდენტ ხ. ჯეჯელავას, რომელთან ერთადაც  წყვილში ჩატარდა კვლევის შემაჯამებელი გაკვეთილი მე-8 კლასში.

თვითშეფასება
კვლევა მიზანმიმართულად წარიმართა, პრობლემაზე დაყრდნობით შეირჩა საკვლევი საკითხი, პრობლემის სრული იდენტიფიცირებისთვის გამოვიყენეთ დიაგნოსტიკური კითხვარი, შედეგებმა გაამართლა ვარაუდი.
კვლევის შემდგომი ეტაპი ინტერვენციების დაგეგმვა იყო, რაც წყვილში გადაწყდა და დაიგეგმა. ხუთი ინტერვენციის შედეგებმა ცხადყო, რომ პრობლემის აღმოფხვრის გზა ნაპოვნია, დეკოდირების ჩვენეულმა მეთოდმა სასურველი შედეგი გამოიღო, რაც თვალნათელი იყო მასწავლებელთა ფოკუსირებული დაკვირვების ჯგუფის კითხვარებით მიღებული შედეგებით. ამასვე ადასტურებს მოსწავლეთა პირველი და ბოლო ინტერვენციის შედეგობრივი ანალიზი.
კვლევაზე მუშაობისას უმთავრეს სირთულეს წარმოადგენდა შერჩეულ მოსწავლეთა რაოდენობა, ისინი მრავალრიცხოვანნი იყვნენ (47), შესაბამისად, თითოეულ მათგანზე დაკვირვება და ინდივიდუალური მონიტორინგი დიდ ძალისხმევას მოითხოვდა, პრობლემის მოსაგვარებლად საგანგებოდ შევარჩიეთ თითოეული აქტივობა, რამაც დადებითი შედეგი მოიტანა. მოსწავლეთა რიცხობრივ სიმრავლეს ჰქონდა დადებითი მხარეც, კვლევა მეტად სანდო და რელევანტური აღმოჩნდა.
დასასრულ, ვფიქრობთ, მიზანი მიღწეულია, ნაშრომი მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებულია და სურვილის შემთხვევაში მათ სასარგებლოდ არაერთი პედაგოგი გამოიყენებს სასწავლო პრაქტიკაში.
შემდეგი თემად კი შემოგთავაზებთ აღნიშნული მეთოდით ჩატარებული გაკვეთილების დეტალურ გეგმას.

ავტორი:  ლიზი ნიჟარაძე; გულიკო ბიწაძე


Комментариев нет:

Отправить комментарий