კონფერენცია




მე-7 საუნივერსიტეტო კონფერენცია


განმავითარებელი შეფასება _ განვითარების ხელშეწყობა
განმავითარებელი შეფასება _ განვითარების ხელშეწყობა, ვფიქრობ, იდენტური ცნებებია. ერთი წუთით მაინც თუ წარმოიდგენთ ადამიანს, რომელიც საკუთარ თავს კითხვას არ უსვამს რა გააკეთა სწორად, რა უნდა შეცვალოს, გამოასწოროს, ცხადად დაგიდგებათ თვალწინ შეუმდგარი პიროვნება, რომელსაც არ აქვს პერსპექტივა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იყოს მიზანი, რომლისკენაც ვივლით, ე.წ. აბსოლუტი, სრულყოფის უმაღლესი წერტილი, მაგრამ უშედეგო იქნება ნაბიჯების გადადგმა, თუ არ გავააანალიზებთ, სწორი ბილიკებით მივდივართ თუ არა. ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, სრულყოფისკენ მიმავალი გზა თვითშეფასებაზე გადის, თვითკმარი ვერავინ იქნება, შესაბამისად, ამასთან ერთად, აუცილებელია გვერდით მდგომთა შეფასებები, განმავითარებელი შეფასება რჩევაა, რომელსაც უდიდესი წილი აქვს წარმატების მიღწევაში. განმავითარებელი შეფასების არქონა, არცოდნა, მნიშვნელოვნად ამცირებს განვითარების პერსპექტივას. განმსაზღვრელი შეფასება მხოლოდ შედეგს გვიჩვენებს, განმავითარებელი კი შედეგისკენ მიმავალ გზას წარმართავს, შესაბამისად, აუცილებელია მისი გამოყენება და გონივრული მოხმარება. ჩემი მოხსენების თემა სწორედ განმავითარებელი შეფასების მნიშვნელობას, სტრატეგიებს, ინსტრუმენტებს, ეფექტიანი მოხმარების გზებს მოიცავს.
როგორც ცნობილია, განმავითარებელი შეფასების საშუალებებია: სიტყვიერი (ზეპირი/წერილობითი) კომენტარიკითხვარი, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების რუბრიკები. ეფექტიანობის თვალსაზრისით, დასახვეწია თითოეული მიმართულებით მათი გამოყენება. საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე, მასწავლებლის მხრიდან კარგად მორგებული, მართებული, სწორად ადაპტირებული განმავითარებელი შეფასება წინსვლის წინაპირობაა, რადგან მოსწავლეს უჩვენებს პერსპექტივას. წინ გადადგმული ნაბიჯის ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის მოსწავლეთა ურთიერთშეფასება, თუმცა ვიდრე ამას შეძლებენ, მათ გააზრებული უნდა ჰქონდეთ ფორმა, რომლითაც შესაძლებელია ერთმანეთს მიმართონ, მისცენ რჩევა, ყველა ამ ეტაპს კი, აგვირგვინებს თვითშეფასება, ვინაიდან საკუთარ თავში აღმოჩენილი შეცდომები, ზოგადად, ფიქრი განვითარებაზე საძირკველია საბოლოო შედეგისა, ვინაიდან თუ არ იცი სად ხარ, ვერც იმას მიხვდები, საით უნდა წახვიდე, როგორც გურამიშვილი იტყოდა: „ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო, ვინ არის, სიდან მოსულა, სად არის, წავა სადაო...“
განმავითარებელი შეფასება არის პროცესი, რომელიც მოიცავს მრავალფეროვან ინსტრუმენტებსა თუ სტრატეგიებს. რაც შეეხება უკვე გამოცდილ განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტებს, მათ შორისაა: კომენტარი/უკუკავშირი, დაკვირვება, ერთწუთიანი ესე, შემაჯამებელი ბარათები, თვითშეფასება, თანატოლთა შეფასება, “შუქნიშანი” და ა. შ. ეფექტური განმავითარებელი შეფასება ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი საშუალებაა, რომელიც, ერთი მხრივ, ეხმარება მოსწავლეებს აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაში და, მეორე მხრივ, მასწავლებლებს შესაძლებლობას აძლევს, გააუმჯობესონ სწავლების პროცესი.
განმავითარებელი შეფასება არის ორმხრივი სარგებელი და ზრდის ორმხრივი შესაძლებლობა (მასწავლებელი და მოსწავლე), ამიტომ  აუცილებელია დაიხვეწოს ეს მიმართულება და გონივრულად მოხმარებადი გახდეს.
განმავითარებელ შეფასებასთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხს მინდა შევეხო:
1.       საკუთარი პრაქტიკა, რას ვაკეთებ ეფექტიანობისთვის, სად ვიყენებ განმავითარებელ შეფასებას, ძირითადი ფორმები ხელთ მაქვს, ეს არის: კითხვარები, სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა ეტაპზე მოსახმარი, თუმცა ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მეტად ეფექტური მუშაობის პროცესში მიცემული მითითებებია, წერილობით ტექსტებზე გაკეთებული კომენტარი, შემაჯამებლის ანალიზი, ზეპირი რჩევას .....
2.       მოსწავლის სასკოლო ცხოვრებისთვის განმავითარებელი კომენტარის მნიშვნელობა....
3.       მასწავლებლის შრომის ეფექტიანობისთვის განმავითარებელი შეფასების აუცილებლობა;
(პიროვნების განვითარება, პიროვნებისა, რომელსაც საკუთარი ტალანტის აღმოჩენა ძალუძს. ის მუდმივად განსწავლადია და ცვალებად გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარი აქვს. ფინური სკოლის მთავარი მიზანია, ასწავლოს მოსწავლეს სწავლა.)
რას გვეუბნება ევროპული გამოცდილება ამ მიმართულებით?  ხარისხი, ეფექტურობა და თანასწორობა ის საძირკველია, რომელზეც უნდა დაშენდეს კედლები. საგანმანათლებლო სისტემაში შეფასების კონცეფცია სპეციფიკურობით გამოირჩევა. კონცეფციაში აღნიშნულია, რომ შეფასებამ ხელი უნდა შეუწყოს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას არა ცუდი შედეგების (მოსწრების) გამოვლენისა და მათი კონსტატაციის, არამედ სასწავლო დაწესებულებებსა და განათლების პოლიტიკის მმართველებს შორის ჰარმონიის მიღწევის გზით. შეფასებამ ბიძგი უნდა მისცეს პროგრესს, ის უნდა იძლეოდეს სასწავლო დაწესებულების მუშაობის უკეთესობისკენ წარმართვის რწმენას. შეფასების ამგვარი სისტემა არ ითვალისწინებს არც წახალისებას, არც საჯარიმო სანქციებს. შეფასების მიზანი აქ, უპირველეს ყოვლისა, მასწავლებელთა მხარდაჭერაა სკოლების მუშაობის შედეგების შესახებ მრავალფეროვანი, აქტუალური და სანდო ინფორმაციით უზრუნველყოფა. შეფასების შედეგები, ისევე როგორც ამ შეფასებისას გამოყენებული მეთოდები და მასალა ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის. შედეგებს ითვალისწინებენ ეროვნული სასწავლო გეგმის შედგენისას. ის საგანმანათლებლო პოლიტიკის სფეროში მისაღებ გადაწყვეტილებებზეც ახდენს გავლენას და, რასაკვირველია, აქტიურად გამოიყენება თავად მასწავლებლების მიერ სწავლის გაუმჯობესების მიზნით. ყოველივე ამას ერთადერთი მიზანი აქვს: ქვეყანაში განათლების ხარისხის ამაღლება. უნდა აღინიშნოს, რომ შეფასების შედეგები გამოიყენება განათლებაში თანასწორობის პრინციპების დაცვის კონტროლისთვისაც.
·         რადგან თანასწორობას გავუსვი ხაზი, მინდა შევჩერდე ერთ საინტერესო პრობლემაზე, საუკეთესო საშუალებაა განვითარებისთვის თვითშეფასება, მაგრამ აუცილებელია ურთიერთშეფასება, ურთიერთშეფასებაში კი ძალიან ხშირად ჩვენი პედაგოგების უმრავლესობა მოსწავლეთა ურთიერთშეფასებას მოიაზრებს, რაც, ვფიქრობ, იმაზე მიანიშნებს, რომ ნაკლებად მნიშვნელოვნად მივიჩნევთ ჩვენსა და მოსწავლეს შორის ურთიერთთანამშრომლობას. მოსწავლემ შემაფასოს, ეგღა მაკლია! _ ასეთი ფრაზები არც თქვენი რეალობისთვის იქნება უცხო. პრობლემის ძირითად საკითხად სწორედ ამ ხედვას მივიჩნევ. მთავარი კი, ვფიქრობ, მოსწავლის შეფასებაა, რადგან სწორედ მასზე მორგებული უნდა იყოს გაკვეთილი, მისი მიზნები და ამოცანები.
·         რეფლექსიას, განმავითარებელ კომენტარს, შეფასებას შეიძლება მრავალგვარი წყარო, ინსტრუმენტი ჰქონდეს, როდესაც მოსწავლეს სთხოვთ საღამოს მოგწეროთ გაკვეთილი რამდენად გაიგო და რა დარჩა ბუნდოვანი, ის თქვენ მეგობრად მიგიჩნევთ და აბსოლუტური ღიაობით გიპასუხებთ, თუმცა, შესაძლოა, საკლასო სივრცეში გითხრათ, რომ ყველაფერი ცხადია მისთვის. დიდ როლს თამაშობს გარემო, დამოკიდებულებები, დროის სიმცირე.... სწორი კომუნიკაცია არის უმნიშვნელოვანესი მოსწავლე-მასწავლებლის ეფექტიანი განმავითარებელი შეფასებისას....
განმავითარებელი შეფასების მიზანი და დანიშნულებაა მოსწავლისა და პედაგოგის ინფორმირება სწავლის პროცესში განხორციელებული პროგრესის შესახებ და ამ გზაზე მათთვის მიმართულების მიცემა.
·          მოსწავლის მოტივაციის გარეგან თუ შინაგან ფაქტორებს თუ გამოვიკლევთ, ვნახავთ, რომ განმავითარებელ შეფასებას ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს დამატებით აქტივობებთან და შეფასების სწორ სისტემასთან ერთად. პირადად ჩემი გამოცდილებით, რაც უფრო მეტად გავცემთ რჩევებს, რაც უფრო აღვნიშნავთ მოსწავლის სუსტსა თუ ძლიერ მხარეს, მით უფრო მოტივირებული ხდება მოსწავლე. განმავითარებელ შეფასებას აქტიურად ვიყენებ სწავლებისას, თუმცა მოსწავლეებმა საუბრისას თავად მთხოვეს თითოეული მათგანისთვის დეტალური რჩევები მიმეცა, თითქმის ერთი გაკვეთილი დასჭირდა თითოეულ მათგანთან საუბარს, ჩვენ ერთად განვიხილეთ ძლიერი მხარეები და, ამასთან, სუსტი წერტილებიც გამოვკვეთეთ, მათთან ერთად დავგეგმე ეტაპობრივი წინსვლის გზები, მაგალითად:
1.       ერთი კვირა ყურადღებას ვამახვილებთ სასვენ ნიშნებსა და კითხვისას პაუზებზე;
2.       შემდეგი კვირა ეთმობა ჩემ მიერ შეთავაზებულ ტესტებს, სადაც მოსწავლემ უნდა დასვას სასვენი ნიშნები;
3.       მესამე კვირაში წერს თხზულებებს, მართლწერის დაცვით და ერთობლივად ვასწორებთ, გამოვყოფთ იმ საკითხებს, სადაც ყველაზე მეტი შეცდომაა და განვმარტავთ რა საკითხების არცოდნამ გამოიწვია ხარვეზი;
4.       სუსტი მხარეების აღმოსაფხვრელად, ურთიერთთანამშრომლობით ვისწავლით მართლწერის თეორიულ ნაწილს;
5.       ერთი თვის შედეგების შეჯამება;
ამ ტიპის მუშაობისას აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა პრობლემა, რაც დასაწყისში არსებობდა, აღმოიფხვრა. ეს კი, რა თქმა უნდა, განმავითარებელი შეფასებების შედეგია.
მოსწავლეების თხოვნით, ჩვენ 1-2 თვეში ერთხელ გაკვეთილს მთლიანად ვუთმობთ განმავითარებელ შეფასებას, არა მხოლოდ მასწავლებელი, უკვე ისინიც აფასებენ და ურჩევენ ერთმანეთს უკეთესი შედეგისთვის რა გზით იარონ.
შეჯამებისას, კიდევ ერთ საკითხს შევეხები, ჩვენ ხშირად ვხვდებით სხვადასხვა ტიპის რჩევებს, განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა სტრატეგიას, თუმცა მნიშვნელოვანი არა დადგენილი სტანდარტი, არამედ ჩვენი, საკუთარი მიგნება და ბავშვზე, კონკრეტულ მოსწავლეზე მორგებული განმავითარებელი შეფასების სისტემაა, მხოლოდ ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი შედეგიანი, ეფექტიანი სწავლება.
დასასრულს, ვიტყვი, რომ თითოეული ჩვენგანი მუდმივ სწავლის პროცესშია, ამიტომაც ვისურვებდი აღნიშნულ საკითხებზე მეტ ფიქრს, განმავითარებელი შეფასების ხშირ გამოყენებას, ვინაიდან პრაქტიკაში არსებული ხარვეზები იხვეწება და თანდათანობით ქრება, რაც აამაღლებს ჩვენი სწავლების პროცესის შედეგებს.
სირანო დე ბერჟერაკი ამბობს: დასაწყისი საქმის ნახევარზე მეტიაო, მთავარია, თითოეულმა პედაგოგმა დაიწყოს განმავითარებელი შეფასების აქტიური გამოყენება, შედეგი კი, არ დააყოვნებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий